ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები იქნას გაყალბებული, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის გაყალბებული მომავალი – მამუკა ხაზარაძე

ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები იქნას გაყალბებული, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის გაყალბებული მომავალი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეიდან ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკეთილდღეო ცვლილებები იწყება.

„ჩვენ დავინახეთ, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, იგივე, რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე, იგივე, რაც ხდებოდა იმის წინა არჩევნებზე. ამ ქვეყანაში გაყალბება და ტყუილი უნდა დავამთავროთ სამუდამოდ. მე და ზურა ჯაფარიძე ვსაუბრობდით, რომ სიტყვები, რომ „ხმა დავიცვათ“ არის სამარცხვინო 21-ე საუკუნეში, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც იპარავს და შენ უნდა დაიცვა ქურდობისგან.

ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვინც საარჩევნო უბნებზეა და აი, ახლა მოვიდა ახალი შეტყობინება, რომ კიდევ სამი საარჩევნო უბანი დაემატა, სადაც გამარჯვება არის დაფიქსირებული, ამიტომ მივმართავ ყველა კომისიის წევრს, „ოცნებიდან“ ვინც არის, თქვენ ხართ ამ ქვეყნის შვილები, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები იქნას გაყალბებული, რადგან ეს არის თქვენი შვილებისთვის გაყალბებული მომავალი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად იყავით ყურადღებით, მოვუწოდებთ ჩვენს დამკვირვებლებს, ახლა გავალთ უბნებზე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა იქნას ჩავლილი, ყველა ის უბანი, რომელსაც შეეცდებიან, რომ გააყალბონ, უნდა იქნას სასწრაფო წესით აღკვეთილი. ნებისმიერ ადგილას გავჩნდებით, სადაც საჭიროა. მინდა მივულოცო საქართველოს ნამდვილად ისტორიული შემოტრიალება იმიტომ, რომ დღეიდან იწყება შემოტრიალება ამ ქვეყანაში და ეს მოხდება ჩვენი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ,“- განაცხადა ხაზარაძემ.