ჰუბერტ ქნირში – საარჩევნო დღე იყო კარგად ადმინისტრირებული, თუმცა კამპანიის ბრძოლაში შეინიშნებოდა რესურსების დისბალანსი, ასევე იყო ინციდენტები დარღვევებზე, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლაზე

აუცილებელია, სისუსტეებს მიექცეს ყურადღება, ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარადგინეს შეფასებები საქართველოს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება. მათ დაინახეს ბევრი კარგი გაუმჯობესება. დამკვირვებლებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ბევრ სისუსტეს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. აუცილებელია, ამ სისუსტეებს მიექცეს ყურადღება და ნებისმიერ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიულ პროცესში მუშაობა ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა. მსურს, მივულოცო ყველას, ვინც მერად აირჩიეს, ვინც საკრებულოში აირჩიეს. ვუსურვებ მათ წარმატებას საქმიანობაში, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მუნიციპალიტეტთან იმუშაოს აქტიურად და ნდობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, სისუსტეები მოიცავს ძლიერ პოლარიზაციას, შეუსაბამო მეტყველებას, რომელიც არ შეესაბამება კარგ, დემოკრატიულ სულისკვეთებას. ნახსენები იყო ზოგიერთი მაგალითიც. ასევე, არის რესურსების დისბალანსი საარჩევნო კამპანიის ბრძოლაში.

საარჩევნო დღე იყო კარგად ადმინისტრირებული, როგორც ეს აღნიშნეს დამკვირვებლებმა. იყო ინციდენტები დარღვევებზე, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლაზე. ეს არის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კულტურის ნაწილი. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება დაძლეული. მე ვხედავ გარკვეულ პროგრესს ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password