ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი – აშშ-ს საელჩო

თვითმმართველობის არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდპანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად, [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

 

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password