ირაკლი ქადაგიშვილი – მამუკა ხაზარაძეს მოლოდინები და ამბიცია ჰქონდა პარლამენტსა და პოლიტიკაში ყოფნის და იმ რეალობამ, რაც დადგა, გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია

მამუკა ხაზარაძე თუ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე წერილობით მიმართავს, გაწერილია შესაბამისი პროცედურები, რა პერიოდშიც მისი ამ განცხადების განხილვა მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მანდატის შეწყვეტას დაახლოებით 15 სამუშაო დღეს სჭირდება, რის შემდეგაც საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

„მისი ფრაქცია რომ არ დაიშალოს, საჭიროა, გამოკლებული წევრის ნაცვლად, პარლამენტის სხვა წევრი შევიდეს. როგორც რეგლამენტში წერია, ფრაქციის შევსება საარჩევნო ბლოკიდან გასული სუბიექტით შეიძლება მოხდეს. მამუკა ხაზარაძეს მოლოდინები და ამბიცია ჰქონდა პარლამენტსა და პოლიტიკაში ყოფნის და იმ რეალობამ, რაც დადგა, გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია. პოლიტიკით მისი განხილვა მოხდა, დაინახა, რომ პროცესები გაცილებით რთულია, რაც მეტ მოთმინებას და მეტ თანმიმდევრულობას საჭიროებს. მან აღიქვა, რომ პარლამენტში მისი შემდგომი ყოფნა მისი ავტორიტეტისთვის, პირადი პატივმოყვარეობისთვის შეურაცხყოფად ჩათვალა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს.