სამხარაულის პასუხში წერია, რომ ხელმოწერა გაყალბებულია!..

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”  შეშფოთებას გამოთქვამს  იმ უმძიმეს დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს. ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაიწყონ გამოძიება ქ. თბილისის მერიაში კონკურსის ჩატარებისას შედგენილი დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადებას აქვეყნებს:

  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის საქმეში გამოიკვეთა დოკუმენტების გაყალბების საფუძვლიანი ეჭვი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადების საფუძველზე ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ქ. თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შეფასების ფორმაზე დატანილ ერთ-ერთ ხელმოწერას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 27 ივნისის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ქ. თბილისის მერის ყოფილი მოადგილის – ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერა გაყალბებულია. კერძოდ, დადგინდა, რომ ხელმოწერა გამჭოლ შუქზე ტექნიკური საშუალების გამოყენებით არის გადატანილი.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქტიურად იცავს საჯარო მოხელეთა კონკურსებში მონაწილე პირთა უფლებებს, მათ შორის ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმოებაშია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული 14  საქმე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საქმეში, რომლის განხილვაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასრულა, დადგინდა, ქ. თბილისის მერიაში საჯარო მოხელეთა კონკურსის, განსაკუთრებით კი გასაუბრების ეტაპის, არაობიექტურად და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობა. სამართალწარმოების პროცესში, გამოიკვეთა თბილისის მერიის საკონკურო-საატესტაციო კომისიის მიერ კანონით გათვალისწინებული პროცედურების უხეში დარღვევები, მათ შორის სხდომის ოქმებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის დაგვიანებული და ქაოტური წარმოება.  გარდა ამისა, ეჭვს იწვევდა ოფიციალურ დოკუმენტებზე შესრულებული ხელმოწერებისა და შეფასებების ავთენტურობა, რაც  ერთ-ერთ საქმეზე ზემოთხსენებული ექსპერტიზის ჩატარების შედეგად საბოლოოდ დადასტურდა.

დოკუმენტი, რომელზეც ექსპერტიზის შედეგად ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერის გაყალბება დადგინდა, წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარის, შორენა კუხიანიძის, საბოლოო შეფასების ფორმას. შორენა კუხიანიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში. მან ტესტირების ეტაპზე 58 ქულა (მაქსიმალური ქულა-60) დააგროვა, თუმცა გასაუბრების ეტაპის შემდგომ მისი წარდგენა არც ერთ  ვაკანტურ თანამდებობაზე არ მოხდა.

სურათი #1 შორენა კუხიანიძის საბოლოო შეფასების ფორმაზე ალუდა გოგლიჩიძის სახელით შესრულებული ხელმოწერა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ შორენა კუხიანიძის საბოლოო შეფასების ფორმაზე, ალუდა გოგლიჩიძის სახელით განთავსებული ხელმოწერა, გამჭოლ შუქზე (კომპიუტერული პროგრამის “adobe photoshop”-ის გამოყენებით) ხელმოწერის თავისუფალი ნიმუშიდან არის გადატანილი. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტიზა მოიცავს მხოლოდ სპეციალიზირებული კომისიის ერთ-ერთი წევრის, კომისიის თავმჯდომარის  ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებას, თუმცა ასევე ეჭქვეშ დგება კომისიის ყველა წევრის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა, ვინაიდან დოკუმენტის დედანზე ნათლად ჩანს, რომ თითოეული ხელმოწერა ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლებით არის შესრულებული.

სურათი #2   შორენა კუხიანიძის საბოლოო შეფასების ფორმაზე შესრულებული სხვა ხელმოწერები

საყურადღებოა, რომ გარდა საბოლოო შეფასების ფორმისა, აღნიშნულ საქმეში ეჭვს იწვევს  სხვა დოკუმენტების ავთენტურობაც. მაგალითად, შორენა კუხიანიძის ინდივიდუალური შეფასების რამდენიმე ფორმაზე, შემოხაზულია ქულები, რომელიც მანამდე წარმოდგენილ იმავე დოკუმენტების ასლებზე არ ფიქსირდებოდა. მერიის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული შეუსაბამობები გამოწვეულია სამდივნოს მიერ კომისიის წევრების ფანქრით გაკეთებულ შეფასებებზე, მოგვიანებით,  პასტის გადავლებით, რაც ცხადია, კანონმდებლობის მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე წარმოდგენილ ასლებში ფანქრით გაკეთებული შეფასება საერთოდ არ იკვეთება.

საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დოკუმენტაციაზე  გაკეთებული ხელმოწერების გაყალბება და ქულების თვითნებური შემოხაზვა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი მანიპულაციები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საბოლოო შედეგების შესაცვლელად და  სასურველი კანდიდატისათვის მაღალი შეფასების მისანიჭებლად. მაგალითად, შორენა კუხიანიძეს ერთ-ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად, მხოლოდ 0,02 ქულა დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმებზე ნებისმიერ ქულის ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა საბოლოო შედეგზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამს იმ უმძიმეს დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს. ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაიწყონ გამოძიება ქ. თბილისის მერიაში კონკურსის ჩატარებისას შედგენილი დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით.

ვფიქრობთ, რომ მოცემული ექსპერტიზის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საჯარო სამსახურში კონკურსების ჩატარების გაუმჭვირვალე და არაობიექტურ პრაქტიკას, ეჭვქვეშ აყენებს 2014 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის შედეგების ლეგიტიმურობას და უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსების მიმართ.

კომენტარის დატოვება