გინახავთ, ობოლი, უდედო ბავშვი?! ერთ წუთსა და წამში გაზრდილს ათასში გამოვარჩევ…

ბლოგი

დინა მირცხულავა

ჟურნალისტი

გინახავთ, ობოლი , უდედო ბავშვი?!
ათასში გამოვარჩევ.
ერთ დღეში, ერთ წუთსა და წამში გაზრდილია და რაოდენ პატარაც არ უნდა იყოს, დგას დედის ცხედართან დიდკაცივით, ხელები უკან შემოუწყვია და კაკლისფერ თვალებს აცეცებს , იქეთ იწევს ყველას ჩასახუტებლად, გულით ბაგიბუგობს :
– მე დედა აღარ მყავს, დედაჩემი ზევით აფრინდა და ….
ვიღა უსმენს ?!
გულში იხუტებენ, საბრალოა ობოლი ბავშვი.
მერე სიზმრებში მოდის დედა, ისევ ისეთი ლამაზი და მხიარული.
აღარ ახსოვს ბიჭს, როგორი ტკივილებით გაფრინდა.
ისევ დიდკაცურად მიუყვება პროცესიას , თითს იშვერენ, თავს იქნევენ :
– ეს ერთი ჰყავდათ ხო ?!
ისევ დიდკაცურად ხვდება მამას ახალ სიყვარულს.
ისევ კაკლისფერი თვალები აქვს ბიჭს.
– დედას გავს, ახალი ქალი, კი, კი, გავს !
და ისევ ერთ დღეს, ერთ წუთს და წამს :
– ეს დედა არ არის !
– აღარც მამა არის ის მამა , დედასთან და დედას გარდაცვალების მერე რომ იყო !!!
ისევ სიზმრის გულისთვის ხუჭავს კაკლისფერ თვალებს ბიჭი.
მე ვიცნობ …
მე ვიცი, კუზივით ჰკიდია მხრებზე უდედობა …
ვერ ამიხსნია, ყველა ობოლ ბავშვს რატომ აქვს კაკლისფერი თვალები ?!

კომენტარის დატოვება