სასამართლომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე სააკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.

„ჩვენ მომდევნო სხდომების თარიღს ვათანხმებთ მხარეებთან, დაცვის მხარისთვის მიცემული იყო განმარტება, როდესაც მოგვმართა. განცხადებები, რომ, აი, თქვენ ახლა ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებთ განხილვას, არა ბატონო, ამას განსაზღვრავს სასამართლო მხარეებთან შეთანხმებით, საქმის მოცულობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მანამდე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

ამასთან, მოსამართლე ლია ორკოდაშვილის თქმით, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

„ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა, თქვენ ფულს იღებთო. სულ სხვანაირად იქცეოდა პროცესებზე და ახლა დამსწრე საზოგადოების წინაშე სულ სხვანაირად იქცევა. გული მწყდება როგორც ადამიანს და არა როგორც მოსამართლეს“, – აღნიშნა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა.

ამასთან, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 7 ნოემბრის ეპიზოდზე სააკაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.

„სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რომ გაუქმებულიყო. ამიტომ პატიმრობა უცვლელად იქნება დატოვებული“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

„ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი, რადგან მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, არ ვიქნებით წინააღმდეგი, ეს მექანიზმი გამოიყენოს სასამართლომ“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ადვოკატებმა. ბექა ბასილაიამ მოითხოვა, სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინათ და დიმიტრი საძაგლიშვილსა და ნიკა გვარამიას მისცემოდათ საშუალება, პროცესს დასწრებოდნენ.

„გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალ ინფორმაციას ფლობდდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საპასუხოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.

„სასამართლომ გითხრათ, რომ ტექნიკურად თუ გნებავთ, კი ბატონო, დაწყებულ პროცესზე შემოსვლა უწყვეტობის პრინციპთანაც არაა შესაბამისობაში“, – განაცხადა მოსამართლემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა.