გურამ მაჭარაშვილი – დადასტურდა, რომ სააკაშვილის მიზანი სასამართლოში მისი გადაყვანის შემთხვევაში, პროვოკაციების მოწყობა იყო

21-ე საუკუნეში, ძალიან ბევრ სახელმწიფოში პროცესები დისტანციურად ტარდება – დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართლმსაჯულებისთვის და საზოგადოებისთვის კი არაფერი აქვს სათქმელი, არამედ მიზანი სასამართლოში მისი გადაყვანის შემთხვევაში, პროვოკაციების მოწყობა იყო, – ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი სტრასბურგის სასამართლოს წერილსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

“როგორც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოში იყო მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის შესახებ. ეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება, რაც ნიკა გვარამიამ თავისებურად განმარტა, აბსურდია. სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ისიც უთხრა, გვარამიას არ დაუჯერო და შიმშილობა შეწყვიტეო.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ეპიზოდს, სადაც ითხოვს ინფორმაციას პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. რა საკვირველია, მივაწოდებთ ინფორმაციას როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მისი როგორც პატიმრის უფლებების დაცვის შესახებ. სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციის საგანი თავად მისმა ადვოკატებმა გახადეს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირება დასტურდება იმით, რომ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მას მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა სურს. სააკაშვილს ჰქონდა საშუალება პროკურატურის შუამდგომლობით პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა და თუ მართლმსაჯულებისთვის ან საზოგადოებისთვის სათქმელი ჰქონდა, საზოგადოება ამას მედიით გაიგებდა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა