გია ვოლსკი – მე-18 სამედიცინო დაწესებულება მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელსაც ემსახურებიან ექიმთა, სპეციალისტთა ბრიგადები და არა პატიმრები, სანიტრები, რასაც აცხადებენ ჩვენი ოპონენტები
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დადებითად შეაფასა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დღევანდელი განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს.
მისივე თქმით, მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა.
„ეს თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი ჯანმრთელობის თემაა, მეორე კი ის გეგმები, რაც სააკაშვილმა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს უკარნახა, რომ „გამომიხსენით“. რასაკვირველია, ოპოზიციაც ამას აკეთებს, ყოველდღიურად ამის შესახებ აცხადებს და მოქმედებებიც ზუსტად ისეთი აქვს, რა ინსტრუქციაც მიიღეს.
რაც შეეხება ჯანმრთელობის საკითხს, რასაკვირველია, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს განცხადებები მისი ჯანმრთელობისა და ყველა მაჩვენებლის შესახებ. რაც მთავარია, მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელსაც ემსახურებიან ექიმთა, სპეციალისტთა ბრიგადები და არა პატიმრები, სანიტრები, რასაც აცხადებენ ჩვენი ოპონენტები. რის მკვლელობა და რომელი ჯანმრთელობის გაუარესება, არარეალურია და ეს ხალხსაც კარგად ესმის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.