მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბერზე – ამ პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი მართავდა, მე ტელევიზორით ვუყურებდი და არანაირი ინსტრუქციები არავისთვის არ მიმიცია – ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 7 ნოემბრის მოვლენების დროს მას არანაირი ინსტრუქცია არავისთვის არ მიუცია და პოლიცია ასრულებდა მოვალეობას, როგორ მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდათ.

როგორც მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მომხდარის შემდეგ იგი გადადგა, საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით შეიმცირა და წავიდა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ამ სცენარზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ამას ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით, არანაირი ინსტრუქციები არავისთვის არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას, როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც მაშინ იყო ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი.

ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა შეტაკებების დროს. ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ, რომელთანაც მე სახლში მივედი. ასეთი რაღაცები ხდება ძლიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში.

მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგეთ. რატომ გავაკეთე ეს? იმის გამო, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები, ამ მიტინგის და გამოსვლების გამო, არ დაგვბლოკოდა ჩვენ ნატო-ში ინტეგრაცია.

მერე პრეზიდენტმა ბუშმა მიმიწვია თებერვალში და მითხრა, ყოჩაღ, რა მაგარი რაღაცა გააკეთე. სადილზეც დამპატიჟა და მითხრა, რომ შენ რაც გააკეთე, რომ გადადექი, სწორედ ამიტომ ხარ აქ და ამიტომ გიჭერთ მხარს, რომ არ ეპოტინები ხელისუფლებას. ქართველმა ხალხმა უკვე გამოიტანა ვერდიქტი ამ საქმეზე, რასაც ახლა აქ გვედავებიან“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.