„ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში“ – ელენე ხოშტარია სააკაშვილზე

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელი არ არის“, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ხოშტარია აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიება შეწყდეს.

„ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად. მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა ვიდრე მე, მათ შორის ის ღირსების შემლახველი ქცევა მის წინააღმდეგ. მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე, მომავალზე. ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, აგრესია ვერავის მიმართ, ძალიან ნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა სერიოზული ზიანი და ვერაფრით ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამამშვიდებელია.

პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ხალხს, რომელთაც აქვთ პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ძალადობა, აწუხებს ადამიანის უფლებების დარღვევა, არ მგონია, რომ რომელიმე ბედნიერი იყოს იმ მდგომარეობით, თუ რა მდგომარეობაშიც ქვეყანა და ზოგადად ერთი ადამიანი შეიძლება ხელისუფლების შურისძიებამ ჩააგდოს. ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.