კახა ქემოკლიძე – გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკაში

გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში – საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება, სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას.

ქემოკლიძისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება და “რა საჭირო იყო ამის თქმა, მითუმეტეს არგუმენტაციის გარეშე”.

“ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით – ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი – ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით – ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის – ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი”,- განაცხადა ქემოკლიძემ.