„რუსთავი-2“-ის მესაკუთრე კვლავ ქიბარ ხალვაშია – სასამართლომ საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიღო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, „რუსთვი-2“-ს ყადაღა მოეხსნა.

დავით დვალის განცხადებით, ყველა ვარიანტს უშვებდნენ, თუმცა დიდწილად ფიქრობდნენ, რომ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებდა.

„ყველა ვარიანტს ვუშვებდი, რადგან ჩვენი არგუმენტაცია იყო ძალიან მყარი და პრეცედენტზე დაფუძნებული. ფაქტობრივად, ჩვენ გავიმეორეთ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, რომელიც ამ სასამართლომ თავის დროზე დააკმაყოფილა. შესაბამისად, ზუსტად იგივე სარჩელით შესვლის შემთხვევაში, სასამართლოს გაუჭირდებოდა, სხვა დასკვნა გამოეტანა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე იყო საინტერესო იმ მხრივ, რას იტყოდა და როგორ იტყოდა. რა თქმა უნდა, დიდი პროცენტით ვფიქრობდით, რომ არ დააკმაყოფილებდა. იმ არგუმენტმა, რაც მოგვიყვანა, მართლა გაგვაოცა, რადგან მთელი ამ სხდომების განმავლობაში, ერთადერთი, რაზეც მეორე მხრიდან წინაღობა გვხვდებოდა, ფაქტობრივად იყო ხანდაზმულობა.“, – განაცხადა დავით დვალმა.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის 60%-პროცენტიანი წილის დაბრუნებას ითხოვდნენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი დააყადაღა.