,,ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან – მუშაობას პოლიტსაბჭოში გავაგრძელებ” – ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ტიკარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

„მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა მინდა, გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ექიმს, ექთანს, ვინც პანდემიის პერიდოში ჩემთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით ეკიდებოდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მადლობა სამინისტროს გუნდს, რომლებიც დაუღალავად ებრძოდნენ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე.

სამინისტროს გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

„გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ ჩემი შემდეგი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ იმ პროექტებით, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა, ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.