გია ვოლსკი – ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს, თუმცა შერიგება არ შეესაბამება იმ ულტიმატუმს, რაც ყოველდღე გვესმის

თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს. შერიგება არ შეესაბამება იმ მოთხოვნასა და ულტიმატუმს, რაც ყოველდღე გვესმის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკიმ შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

„თანამშრომლობაზე უარი არასდროს გვითქვამს. შერიგება არ შეესაბამება იმ მოთხოვნასა და ულტიმატუმს, რაც ყოველდღე გვესმის, რომ შერიგების ხაზი უნდა გადიოდეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, დანაშაულების პატიებაზე ისე, რომ თავად არ აღიარონ, ასევე რიგგარეშე არჩევნებზე, გადადგომასა და ხელისუფლებაში მათ მოსვლაზე. ამ საკითხზე უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ პათოსი და მათი მიზანი არის დესტაბილიზაცია, რევოლუცია, დახსნა და ა.შ. ამას არ გავაკეთებთ, თუ შევრიგდებით, ეს არის ულტიმატუმი. რაც შეეხება თანამშრომლობის ასპექტებს ნებისმიერ თემაზე, ეს იქნება საარჩევნო თემასთან თუ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ვალდებულებიც ვართ ამისთვის იმ მანდატიდან გამომდინარე, რაც ამომრჩეველმა მოგვცა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.