მიხეილ დაუშვილი – საქართველოს პარლამენტმა უკრაინისთვის მხარდამჭერი აქტი უნდა მიიღოს

საქართველოს პარლამენტის უფრაქციო წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიხეილ დაუშვილი მოუწოდებს კოლეგებს, რომ პარლამენტმა მიიღოს მხარდამჭერი აქტი უკრაინისთვის, რითაც გამოხატავენ „სრულ მხარდაჭერას საქართველოს მეგობარი, მოკავშირე თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“.

„ის, რაც დღეს ჩვენს რეგიონში უკრაინასთან მიმართებით ხდება, ეს ძალიან მძიმე და სახიფათო არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ ჩვენთვისაც. რეალურად უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული მტრული ნაბიჯები, მათ შორის, უკრაინის საზღვრებთან მსხვილი საბრძოლო შენაერთების მობილიზება, მძიმე ტექნიკის განლაგება, აზოვის ზღვაში პროვოკაციული საბრძოლო მანევრების დაგეგმვა, ფართომასშტაბიანი აგრესიის პირდაპირი და დაუფარავი მუქარა, უკრაინის, ისევე როგორც საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებებზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობის და ცივილიზებული სამყაროს შანტაჟი – ეს ყველაფერი არის უდიდესი საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში.

მან კოლეგებს გააცნო უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი განცხადება და მისი განხილვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა „ მოგიწოდებთ თითოეულ დეპუტატს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს მხარდამჭერი აქტი უკრაინისთვის, რომ ჩვენ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მეგობარი, მოკავშირე თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. რომ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს და დაგეგმილ ძალისმიერ სამხედრო აგრესიას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მან.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, რადგან უკრაინაში განვითარებული მოვლენები არა მხოლოდ რეგიონის, არამედ საერთო ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.