ალექსანდრე გოგინავა – ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის სწრაფმა გავრცელებამ შესაძლოა, ვირუსის მე-6 ტალღა გამოიწვიოს, არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმ-ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კვლევების მიხედვით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ვრცელდება იმ რეგიონებსა და ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელებას ასევე ხელს შეუშლის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გასცემენ.

„კვლევები აჩვენებს, რომ ძირითადად ეს ახალი შტამი და ზოგადად, კორონავირუსი ვრცელდება იმ რეგიონებში და ქვეყნებში, სადაც ვაქცინით მოცვა არ არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, საქართველოში ვაქცინის მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი მეტად ზრდის რისკებს. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი წავიდეს მეტად აქტიურად, რათა ჩვენ მეტ-ნაკლებად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ასევე ზოგადი რეკომენდაციები, პირბადის ტარება, დისტანცირება, რადგან ეს არის მექანიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის რესპირაციული ინფექციების გავრცელებას, მათ შორის „ომიკრონის“ გავრცელებასაც შეუშლის ხელს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის სწრაფი ტემპით გავრცელების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ამან კორონავირუსის მე-6 ტალღა გამოიწვიოს. გოგინავას თქმით, ახალ შტამთან დაკავშირებით საიმედო ინფორმაციაც არსებობს, რომ დაავადებას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს.

„შედეგები დამოკიდებულია, რამდენად მაღალი იქნება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზე არის ცნობილი: სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას. არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ ბოლომდე თქმა, თუ რამდენად გამოიწვევს ის საქართველოში ახალ ტალღას და გააუარესებს ეპიდსიტუაციას, ამაზე ჯერ პასუხი რთულია, მაგრამ ამ მონაცემებით, რა მონაცემებიც გვაქვს, გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი. ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გოგინავამ.