ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

7 დეკემბერს, გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

„ბრალდებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის მეთაური იყო. მან შურისძიების მიზნით პოლიტიკური ოპონენტი გაანადგურა. აღნიშნული ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ცივსისხლიანად შესრულდა“, – განაცხადა პროკურორმა.

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.