ზურაბ ჯაფარიძე – „შერიგება“ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს ამის გაკეთებას „დააძალებს“ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა, ხოლო პრეზიდენტს არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ შერიგება წინასწარ განწირული პროცესია. მისი თქმით, ასეთ მოცემულობაში „შერიგება“ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს ამის გაკეთებას „დააძალებს“ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს.

„შერიგებისთვის“ აუცილებელია, რომ მინიმუმ ორივე მხარეს საერთო მიზანი ჰქონდეს, მაგალითად ქვეყნის წინსვლა, კრიზისის დაძლევა, პოლარიზაციის დასრულება ან რამე მსგავსი. არაფერი მსგავსი ამჟამად არ გვაქვს სახეზე. ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ თავის პრობლემებიანად, მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს და წლებია ამისთვის იყენებს პოლარიზაციას და კრიზისს;

ასეთ მოცემულობაში „შერიგება“ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს ამის გაკეთებას „დააძალებს“ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა. ასეთი შეიძლება ყოფილიყო დასავლეთი. ამის მცდელობა იყო 19 აპრილის შეთანხმება. მაგრამ არ გამოვიდა და არ გამოვა, რადგან ბიძინას/“ოცნებას“ არ ადარდებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ასეთი შეიძლება ყოფილიყო პატრიარქი, მაგრამ ის ამას არ იზამს, რადგან ბოლომდე ჩახუტებულია ბიძინა/“ოცნებასთან“ და იყენებს მას/ამ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პოლიტიკური და მატერიალური კაპიტალის გასაზრდელად. ერთნი არიან;

სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. შესაბამისად, მთელი ეს „შერიგების“ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას, რაც ვერ შესძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი;

ასეთ, წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ერთი მხრივ საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებას, თითქოს ბიძინასთან/“ოცნებასთან“ მოლაპარაკება ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საკითხზე შესაძლებელია, ისე რომ უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ გედგას, ხოლო მეორე მხრივ ნიშნავს საკუთარი სისუსტის საჯარო დემონსტრირებას, როცა ბოლო მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება თავზე გადაგახიეს, ისე რომ ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ, და, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე წყალში ცდილობ მეორედ შესვლას;

ბიძინას/“ოცნებას“, ზუსტად ისე როგორც რუსეთს, ესმის მხოლოდ ძალის ენა. ის/ისინი არ დათმობენ ძალაუფლების არცერთ ბერკეტს კეთილი სურვილებიდან/მიზნებიდან გამომდინარე. მას/მათ ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ წაართვა. ამისთვის საჭიროა ძალების მობილიზება და არა ილუზორულ პროცესებში თავით გადაშვება. მანამ, ვიდრე საკმარისი ძალა არ გვაქვს, ის/ისინი წაიღებენ ყველაფერს და ეცდებიან კიდევ უფრო გაიმყარონ საკუთარი ძალაუფლება. ამჟამად აქვთ შეტევა სიტყვის/გამოხატვის თავისუფლებაზე (და ეს შეტევა კიდევ გაგრძელდება სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ფორმით), რადგან ეს არის ბოლო, ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი, თავისუფალი ადამიანების ხელში. ამის ნაწილია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპოზიციური მედიის შემოსავლებს, ისევე როგორც სასამართლო პროცესები ყველა რეიტინგული ოპოზიციური არხის მფლობელის წინააღმდეგ”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.