გიტანას ნაუსედა: ჩვენ ვხედავთ სამხედრო ძალების მობილიზაციას უკრაინის საზღვართან. სავარაუდოდ, სახეზეა ყველაზე სახაფათო სიტუაცია, რაც კი ბოლო 30 წლის მანძილზე ყოფილა

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სამხედრო ძალების მობილიზაციას უკრაინის საზღვართან. სავარაუდოდ, სახეზეა ყველაზე სახაფათო სიტუაცია, რაც კი ბოლო 30 წლის მანძილზე ყოფილა. მე ვგულისხმობ არამარტო უკრაინას, არამედ მთელ აღმოსავლეთ ნაწილს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„უკრაინაში სამხედრო აგრესიის განხორციელება შესაძლებელია. ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები რუსეთის აგრესიული ქცევის შესაჩერებლად. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ სექტორულ, ეკონომიკურ სანქციებზე. ევროკავშირი პრობლემის გადაჭრის მხოლოდ ნაწილია. უნდა ვესაუბროთ ნატოს, როგორც სამხედრო ორგანიზაციას“, – განაცხადა ნაუსედამ.