საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზრდება 2022 წლიდან – ირაკლი ღარიბაშვილი 

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის მიღწევებსა და მიმართულებებს. მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზრდება 2022 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით.

„გაისად უკვე დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსდება სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. მომდევნო წლიდან სკოლებში სკოლის ექიმის მომსახურების მიწოდება და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება. ასევე გეტყვით, რომ დაახლოებით 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა ბინები წელს და ამდენივეს გადაეცემა გაისად. უკვე ვახსენე პენსიებზე და სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რომელთა საშუალებითაც მომდევნო წელს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.