წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი – დავით ბაქრაძე

დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებით, წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი.

დეპუტატს მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ყველა მხარე პოლიტიკური წინაპირობების გარეშე უნდა შევიდეს.

„ციხეში მყოფი ლიდერების არსებობა ან დასაჭერად გამზადებულ პოლიტიკურ ლიდერებზე საუბარი პოლიტიკური წინაპირობა არაა, ეს არის ობიექტური რეალობა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ამიტომ, გამოსავალი ვერ იქნება პოლიტიკური დევნის თემის დავიწყება, პირიქით, ეს თემა უნდა მოვაგვაროთ და ამით გზა გავუხსნათ სხვა საკითხებს.

მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარეშე, ასევე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ავთო წერეთლისა და ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტის გარეშე თანხმობა ვერ შედგება ძირითად საკითხებზე. რა გზით მოხდება ამ საკითხის მოგვარება, სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ეს პროცესი და შედეგები. წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი. საკითხი გადასაწყვეტია, რა გზით გადაწყდება, უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც დისკუსიის საგანი ეროვნული თანხმობის საკითხი იყო.