გიორგი ღიბრაძე: კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიგვიღია

კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრონის“ შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. ცხადია, მაღალია პოტენციალი იმისა, რომ ვირუსი ჩვენთანაც გავრცელდეს. შესაბამისად, კლუბების მიმართულებით ლიბერალიზაცია არ არის. კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ტენდენციაც რომ ვნახოთ, მთელ მსოფლიოში, სადაც ეს საქმიანობა დაშვებული იყო, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“, – აღნიშნა ღიბრაძემ.