შალვა პაპუაშვილი: იმით, რომ სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა შიმშილობა გამოეცხადებინათ, თავად დახურა შერიგების თემა

იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მხარდამჭერები აიძულა შიმშილობა გამოეცხადებინათ, მან თავად დახურა შერიგების თემა, რომელიც თითქოს მან წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

„რა შერიგებაზე ან თანხმობაზეა საუბარი, როცა შანტაჟის ენით საუბრობენ, შიმშილობას აცხადებენ და მიდიან რადიკალურ ზომებზე. შიმშილობის გამოცხადებით მათ ფაქტობრივად უარი განაცხადეს იმ ფორმატზე, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა. ერთი მხრივ თითქოს გამოთქვამენ მზაობას, რომ შეხვედრაზე მასთან მივიდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, აშანტაჟებენ პრეზიდენტს იმით, რომ შეიწყალოს სააკაშვილი. ამ შიმშილობის მოთხოვნაა სააკაშვილის გათავისუფლება, შესაბამისად, ამ შიმშილობის ადრესატი არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი უარყოფითი პოზიცია შეწყალებაზე დააფიქსირა. შესაბამისად, ეს არის დარტყმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე. ამით ჩანს, თუ რამდენად რთულია სიტუაცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, საკუთარი მხარდამჭერების შანტაჟს ახდენს თუ სპეკულირებს, როცა საკუთარი თავისუფლების საპირწონედ აყენებს მხარდამჭერების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რაც აჩვენებს მის დამოკიდებულებას სხვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.