ნათია თურნავა: რომ არა მოსახლეობის თუნდაც 40%-მდე ვაქცინაცია, დარგები უბრალოდ ვერ იფუნქციონირებდა

როდესაც ვსაუბრობთ ნებაყოფლობით ვაქცინაციაზე, ყოველთვის არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მეტი ინფორმაცია სჭირდება, ვისაც არ სურს აცრა – ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოში ასეა. ამიტომ წლის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა ხერხი ვცადეთ: ზოგიერთი ხერხი ეფექტიანი იყო, ზოგი ნაკლებად ეფექტიანი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ეძებს მორგებულ ბერკეტებს, რომლითაც მოსახელობას წაახალისებს.

„აქედან გამომდინარე, ზრდასული მოსახლეობის დაახლოებით 40%-მდეა ვაქცინირებული. რასაკვირველია, მეტი გვინდა. სასურველი იქნებოდა, რომ 60%-ზე აგვეყვანა. თუმცა ეს პრინციპში საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენ პარალელურად ეკონომიკაში გვქონოდა ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობა და 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ჩვენ ვასრულებთ წლევანდელ წელს, არის იმის ნიშანი, რომ ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ მოვახერხებთ დაბალანსება. რომ არა თუნდაც ის 40%-მდე ვაქცინაცია, დარგები უბრალოდ ვერ იფუნქციონირებდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.