ეს პროცესი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, არ არის მიმართული, ეს დავადასტურებინე პრეზიდენტს – ზურაბ ჯაფარიძე

ნუ გექნებათ იმის აღქმა, რომ ეს პროცესი მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. არ არის მიმართული, ეს დავადასტურებინე და დამიდასტურა, – ამის შესახებ ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თუ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის ნაწილი იქნება სააკაშვილის შეწყალება, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს საერთოდ არ განუხილავს.

არასწორი წარმოდგენა არის საზოგადოებაში, მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში თუ რა პროცესზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. როგორც მან ამიხსნა, საუბარია პროცესის წამოწყებაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის უახლესი წარსულის გააზრებას და ამის ბაზაზე ერის კონსოლიდაციას გარკვეულ საკითხებზე. ეს პროცესი არანაირად არ მოიაზრებს იმას, რომ უახლოეს მომავალში იგულისხმება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ან რაიმე ტიპის შეთანხმება, რომელიც კრიზისს განმუხტავს ამ ქვეყანაში.

კრიზის დაძლევის ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ ამ პროცესით და ვერც ვერანაირ მოლაპარაკებებს, ვიდრე „ქართული ოცნება” არ შეასრულებს იმას, რაზეც 8 თვის წინ შეთანხმდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ახალ მოლაპარაკებებზე საუბარი უბრალოდ სისულელე და უტვინობა მგონია. მაგრამ როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, ამაზე არც არის საუბარი, საუბარია ყოვლისმომცველ პროცესზე, რომელიც შეიძლება დროში წლები გაიწელოს”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.