ირაკლი კობახიძე – თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი – ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე

ეს არის ლოგიკური წინაპირობა – თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი – ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც პოლიტიკური ინტერესებით,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივის კონტექსტში “ქართულ ოცნებას” წინაპირობების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მათი პოზიციაა, რომ ყველაფრის წინაპირობა არის შეფასება, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულების.

“ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს შეფასება და პრეზიდენტმაც ამაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში, უნდა შეფასდეს ყველაფერი, მათ შორის, ის დანაშაულები რაც ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თუ ეს ყველაფერი შეფასდება, ამას თუ მოჰყვება აღიარება და განცხადება, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური პარტიის ადგილი არ არის დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში, ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზეც და ყველაფერზეც, მაგრამ ამის იმედი რამდენად შეიძლება გვქონდეს არ ვიცი.

ქალბატონმა სალომემაც აღნიშნა, რომ ვერავის გარანტიას ვერ მისცემს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, როგორი იქნება შედეგები ეს არავინ იცის, პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მისთვის ადვილად გასათვლელი არ არის შედეგები და ბუნებრივია, არც ჩვენთვის არის ადვილად გასათვლელი. ეს არის ლოგიკური წინაპირობა, წარმოიდგინეთ – თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს ვიღაცამ რაღაც დაგიშავათ, ჯერ ხომ უნდა აღიაროს იმ ადამიანმა, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი შენი ოჯახის წინააღმდეგ, მერე იწყება შერიგებაზე საუბარი, თუ ოჯახის წევრი მოგიკლა ვიღაცამ და არც აღიარებს, არც ბოდიშს იხდის, იმას რანაირად უნდა შეურიგდე?! ამაზეა საუბარი – ლოგიკურ წინაპირობაზე და არა ულტიმატუმზე, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ რაღაც პოლიტიკური ინტერესებით,”- განაცხადა კობახიძემ.