„ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი” – აკო ჭელიძემ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა სასამართლოს წინაშე აღიარა

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აკო ჭელიძემ საკუთარი დანაშაული აღიარა.

როგორც სასამართლო სხდომაზე ჭელიძემ განმარტა, მას თანამზრახველი არ ჰყოლია.

„ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად,” – განაცხადა ჭელიძემ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორკი კავილაძეს, ის თავს წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი დანაშაული, მისივე თქმით, მხოლოდ ის არის, რომ „მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა”.

„რაც შეეხება ბრალს, დავიწყებ იარაღის ჯგუფურად ტარებით, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. მე არ ვაღიარებ ამ ბრალს, თუმცა, არ ვიტყვი, რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და ანგოლოზი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე, მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთო. ადამიანი არის გარდაცვლილი, ამას მე მაბრალებენ, ზუსტად ამ ბრალდების გამო ვარ საპატიმროში. მზად ვარ, სასამართლოს მოვახსენო, რა მოხდა ჩემ თავს,”- განაცხადა კავილაძემ.

შეგახსენებთ, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლეს. მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს.