გურამ მაჭარაშვილი – სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებში ნარჩუნდება დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცედურა და გამჭირვალობა

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებში ნარჩუნდება ის ძირითადი პრინციპები, რაც არის დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურა და გამჭირვალობა, – ამის შესახებ საქართველოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია არა პერსონალიებზე, არამედ ინსტიტუციის გაძლიერებაზე.

„თავის დროზე, როცა საგამოძიებო ფუნქციები უერთდებოდა ამ სამსახურს, მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები, მათ შორის პარტნიორებთან. ახლა უკვე იქნება ცალკე დამოუკიდებელი სამსახური, რომელსაც კიდევ დაემატება გარკვეული ფუნქციები. იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და დამოუკიდებელი სამსახური. ორივე სამსახურში აუცილებლად ნარჩუნდება ის ძირითადი პრინციპები, რაც არის დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურა და გამჭირვალობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება თანამშრომლების საკითხს, მისი თქმით, „იქამდე, ვიდრე შეიქმნება ახალი სამსახურები, იქნება ორთვიანი გარდამავალი პერიოდი“.

„ამის შემდეგ, ხელმძღვანელების შერჩევა მოხდება პროცედურების შესაბამისად და ერთი სამსახურის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა. ამასთან, რაც შეეხება ლონდა თოლორაიას, როდესაც იქნება კონკურსი ორივე სამსახურში და ეს იქნება, რა თქმა უნდა, გამჭირვალე პროცესი, ბუნებრივია, ნებისმიერ პირს, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმს, ექნება საშუალება, შეიტანოს თავისი. თუ ქალბატონი ლონდა ჩათვლის საჭიროდ, ბუნებრივია, ისიც შეიტანს განაცხადს. აქ საუბარი არ არის პერსონალიებზე, საუბარია ინსტიტუტზე, რომლის გაძლიერებაც ხდება იმ მოცემულობით, რასაც ჰქვია ცალკე საგამოძიებო სამსახური, რომელიც აპრობირებულია უცხოეთში. პერსონალურ მონაცემთან დაცვაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.