ბიძინა კულუმბეგოვი „ომიკრონზე“: ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, მას შეუძლია დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს

გარკვეული მოლოდინი არის, რომ ინფექციის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. მაგრამ ამა თუ იმ ქვეყანაში ვაქცინაციის სტატუსიდან გამომდინარე, მოსახლეობის მოცვის ფენიდან გამომდინარე, როგორ მოიქცევა ეს შტამი ბოლომდე არავინ იცის, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი სერიოზული გამოწვევაა, რადგან მას დროის მცირე მონაკვეთში ბევრი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია.

„ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, მას შეუძლია დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა, ქრონიკული დაავადებები, ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა პრობლემები, იგივე შიდა ინფექციის კონტროლი და ა.შ., შეიძლება ეს მაინც გახდეს პრობლემის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევის საპირისპიროდ, რაც აუცილებელია და ჩვენი მოვალეობაა – ვაქცინაცია ყველამ ჩავიტაროთ, ვისაც სჭირდება ბუსტერული დოზა დაიმატოს და აუცილებლად, პირბადე, დისტანცია და ხელის ჰიგიენა არ დაგვავიწყდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.