სააკაშვილს ვურჩევდი, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრისას, გადახედოს, 2003-2012 წლებში რა ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში – დავით მათიკაშვილი

სააკაშვილი როდესაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დაიწყებს საუბარს, ვურჩევდი, გადახედოს 2003-2012 წლების საქართველოს უახლეს ისტორიას, რა ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდომარეობასთან დაკავშირებით იქნება ადეკვატური მიდგომა.

„საქართველოში მოქმედებს ჩვენი ქვეყნის კანონი და კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს, თუ რა სახით და რა ფორმით არის ადეკვატური მოქმედება იმ პატიმართან დაკავშირებით, რომლის ჯანმრთელობის მდომარეობასთან მიმართებით გარკვეული პრობლემაა, ხოლო როცა გამოჯანმრთელდება, რა პროცესებია შემდგომში განსახორციელებელი. ასე რომ, ქართული მხარე კანონმდებლობის დადგენილ მოთხოვნას არ გასცდება. როგორც სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდომარეობასთან დაკავშირებით იქნება ადეკვატური მიდგომა.

სააკაშვილი როდესაც არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დაიწყებს საუბარს, ვურჩევდი, გადახედოს 2003-2012 წლების საქართველოს უახლეს ისტორიას, როდესაც თვითონ ბრძანდებოდა პრეზიდენტი, რა ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, ვის აუპატიურებდნენ, ვის აწამებდნენ, როგორ ექცეოდა ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას და შემდეგ მიხვდება, რას ნიშნავს არაადამიანური მოპყრობა და როგორია მოპყრობა პატიმართან, როდესაც ის უარს აცხადებს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.