სააკაშვილის ექიმი ნინო გოგორიშვილი: ნიკა გვარამიამ თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ნიკა გვარამიას შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

ნინო გოგორიშვილის მიერ დაწერილი განცხადება მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ გააცნო.

„დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ, ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული, სრულ თანხვედრაშია გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია ნინო გოგორიშვილის განცხადებაში.

ამასთან, ნინო გოგორიშვილმა მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ნაწილობრივ ფაქტების ინტერპრეტაცია მოხდა.

„ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივ არის ფაქტების ინტერპრეტაცია. არ მითქვამს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი სამკურნალოდ საქართველოდან უცხოეთში. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი. ეს სად იქნება, უკვე ჩვენ არ გვეხება“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უშუალოდ სააკაშვილის მკურნალი ექიმის მიერ არის დადასტურებული წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი.