ნინო ლომჯარია პრეზიდენტს მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლების კანონპროექტს ვეტო დაადოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტმა კეთილგონიერება გამოიჩინოს და კანონპროექტს ვეტო დაადოს. ამის შესახებ ომბუცმენმა სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელთან, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მათ პარლამენტში ინიცირებული ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლების კანონპროექტი განიხილეს.

საკანონმდებლო ინიციატივას ომბუდსმენი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ნინო ლომჯარია თოლორაიას მხარდაჭერას დაპირდა და განაცხადა, რომ ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებული ადამიანების უფლებებს დაიცავს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი პროცესით მიღებული და იმდენად დაუსაბუთებელი, ადამიანის უფლებების სტანდარტის საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, მას უნდა დაადოს ვეტო. თავისი მოტივირებული შენიშვნები დაუბრუნოს პარლამენტს, თუმცა მმართველი პარტია ძალიან ჩამოყალიბებულია იმ პოზიციაზე, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი გადალახავენ ამ ვეტოს,”- აცხადებს ლომჯარია.