დავით ზილფიმიანი – თითქოსდა დემოკრატიის მომხრე ჯგუფებმა და პირებმა „შავი სიების“ მხარის აბმით შესაძლოა, სამუდამოდ ამოირიცხონ თავი ქვეყნის ჯანმრთელი სეგმენტიდან

„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ზილფიმიანის განცხადებით, ე.წ. შავი სიების შექმნა ნეოფაშისტური ტიპის მოვლენაა, რომლის მხარდაჭერითაც „ცივილიზებულმა და დემოკრატიის მომხრე ჯგუფებმა და პირებმა შესაძლოა, სამუდამოდ ამოირიცხონ თავი ქვეყნის ჯანმრთელი სეგმენტიდან“.

„თავს ვალდებულად ვთვლი, გამოვთქვა ჩემი შეშფოთება იმ საშიშ ტენდენციასთან მიმართებით, რაც აშკარად „ნეოფაშისტური“ ტიპის მოვლენაა და საზოგადოებას ნაცმოძრაობის ლიდერის სულიერი შთაგონებით მოევლინა, ე.წ. „შავი სიების“ სახით, რასაც მხარი აუბეს აქამდე თითქოსდა ცივილიზებულმა და დემოკრატიის მომხრე ჯგუფებმა და პირებმა, რომლებმაც პრაქტიკულად საკუთარი ლუსტრაციით შესაძლოა, სამუდამოდ ამოირიცხონ თავი ქვეყნის ჯანმრთელი სეგმენტიდან“, – განაცხადა დავით ზილფილიანმა.

მისი თქმით, საქმე გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს.

„ეს არის დემონსტრირება შინაგანი მზაობისა კოლექტიური თვითსამართლის აღსრულებისთვის, რაც ისტორიულად მსოფლიოში ყველა „შავრაზმელთა“ ორგანიზაციას ახასიათებდა – შესაბამისად, გამომდინარე თვითგამანადგურებელი შედეგებით.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საზოგადოების ამ ნაწილმა მომავალში რაიმე ფორმით მოინდომოს საკუთარი თავის, საზოგადოების ღირსეულ და პოზიტიურ წევრად წარმოჩინება, ამას ხომ დღევანდელი საკუთარი ქმედებით, თვითონვე დაუხურავენ კარს?

წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყანაში შესაძლებელი გახდეს შურისძიებისა და ანგარიშგების ტალღის აზვირთება, რაც დღევანდელ პოლარიზებულ გარემოში საზოგადოების პასუხისმგებელ და ჯანმრთელ ნაწილს აგერ უკვე 10 წელია, კბილებით უჭირავს და დღემდე არ დაუშვა, – რა შედეგებს მოგვიტანდა?! არადა, ის, რაც ზუსტად ვიცით ყველამ ის არის, რომ ამ უგუნურთა წინააღმდეგ არსებული რისხვა და განრისხებულთა ოდენობა ცხადად აღემატება მათ. თავად განსაჯეთ, რა შედეგები ექნებოდა მათ წინააღმდეგ შურისძიებას, სამართლიანად განაწყენებული ხალხისა, რომელსაც უზარმაზარი ტკივილი და წამება განაცდევინეს წარსულში.

მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს უგუნურება და ნუ იქცევით ერთი სრულიად დაუმსახურებლად პრივილეგირებული პატიმრის შეკვეთების აღმსრულებლებად, რომლის ქაოტური და აგონიური ქმედებებიც მხოლოდ ერთ მიზანს – „სატუსაღოდან“ რაიმენაირად თავის დაღწევის უსუსურ მცდელობებს ემსახურება და თქვენი მისდამი ამ ფორმით მორჩილი მსახურება, თქვენსავე კრახს გამოიწვევს. გონს მოეგეთ და კარგად დაფიქრდით, ცეცხლს ნუ ეთამაშებით. შეცდომის დანახვა და გამოსწორება უფრო დიდი ღირსებაა ვიდრე ვინმეს და რამის ბრმად მსახურება“, – აცხადებს დავით ზილფილიანი.