გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო.

“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით ისევე, როგორც შიგნით, კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. ძალიან კარგად იცოდა ყველა პროკურორმა, მათ შორის, შოთაძემაც, რომ არანაირი ფულის გათეთრება ამ საქმეში არ იყო, მაგრამ სამი წელი აწვალეს ხალხი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ამ სისულელეში და დაადგინეს შუალედური – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. დაჭერა არ უნდოდათ, მაგრამ მისცა პიარს, კოლექტიურ ოხანაშვილს საკვები, რომ ილაპარაკონ აი, ხომ ვამბობდით ესენი დამნაშავეები არიან. კოლექტიურ ოხანაშვილს, კოლექტიურ ნინო წილოსანს მისცა პოლიტიკური საკვები. სინამდვილეში გამოვლინდა ერთადერთი რამ, რომ ივანიშვილის სამართლებრივ თაღლითობაში ჩართულია სასამართლო და პროკურატურა”, – განაცხადა უგულავამ.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.