პირადად ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, ეს მმართველობა ამ ქვეყანაში დამთავრდება, რადგან ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას – მამუკა ხაზარაძე

2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით გვედავებოდნენ, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე თაღლითობა ჩაგვიდენია. ეს არის ფარსი და ბრძოლა გაგრძელდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელსაც ჩვენ გვედავებოდნენ. ხაზს ვუსვამ, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით გვედავებოდნენ, უცბათ ეს მუხლი გაქრა და 2012 წელს, ანუ 4 წლის შემდეგ თურმე თაღლითობა ჩაგვიდენია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ. ასეთი სასამართლოს, ასეთი სამართლიანობის პირობებში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ეს არის ერთი კაცის მიერ მართული სასამართლო, მართლმსაჯულება. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ პირადად, ეს მმართველობა ამ ქვეყანაში დამთავრდება, რადგან ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ასეთ უსამართლო მართლმსაჯულებას. სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა და ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, ვიდრე თითოეულ მოქალაქეს არ ექნება განცდა, რომ მის უფლებებს, მის ღირსებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო.

12 წლის წინათ გვაბრალებდნენ ფულის გათეთრებას და ახლა თურმე აღმოჩნდა, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენ რაღაც ჩაგვიდენია. რატომ არ დაიწყო ამაზე გამოძიება, რატო არ მოხდა იმ ადამინების დაკითხვა, ვინც თუნდაც 2012 წელს შეიძლება, რაღაცაში მონაწილეობდა. ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ. ეს არის პრინციპის საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და იმედის დაბრუნების საკითხი ადამიანებისთვის, რომელთაც ცოტაოდენი იმედი დარჩათ, რომ ამ ქვეყანას აქვს შანსი, იყოს გამარჯვებული.

გპირდებით, ისე, როგორც ბადრიმ გითხრათ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის. ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა, ეს უზარამაზარი პერსპექტივა არის თითოეულ თქვენგანში, მაგრამ დახშული, მიმალული, შეშინებული. ეს უნდა გამოვაღვიძოთ, უნდა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ მტრობა, უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოს გარშემო და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ საქართველო გავხადოთ წარმატებული, გამარჯვებული ქვეყანა. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას გადაგიხადოთ მადლობა, დავიწყებ მედიით და იმ გულშემატკივრებით, რომლებიც აქ ხართ. მადლობა ყველას, პოლიტიკოსებს, რიგით მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, უღრმესი მადლობა. ეს არის ნამდვილად იმ სოლიდარობის დადასტურება, როცა სიმართლისათვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას ვდებ, რომ ასევე მეც დავდგები ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვის დაჩაგვრასაც დააპირებს განსაკუთრებით სახელმწიფო. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საკითხი მომავალ მოღვაწეობაში“, – აღნინა ხაზარაძემ.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.