უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, გადის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, თუმცა ამას დრო სჭირდება – ვენდი შერმანი

უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, გადის ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, თუმცა ამას დრო სჭირდება, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა ბრიუსელში გამართული ნატო-რუსეთის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჟურნალისტმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჰკითხა, რამდენად არის თანხმობა ალიანსის წევრებს შორის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე სხვა ქვეყნების ნაცვლად არ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ არსებობს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო პროცესი. მას აქვს სპეციფიკური პუნქტები. ჩვენ ვართ ღია ყველასთვის და უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ძალიან სურს ნატო-ში გაწევრიანება. ახლა უკრაინა გადის ამ პროცესს, მას სჭირდება დრო და ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს მაღალი სტანდარტი. ვნახოთ, რა მოხდება. ანალოგიურის თქმა შეიძლება საქართველოზეც, რომელზეც ასევე ყველაზე ხშირად ვსაუბრობთ. ფინეთისა და შვედეთის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და ვერ ვიტყვი, რამდენად შეიცვალა მათი ამბიციები ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვი, რომ ერთ, რაც რუსეთმა გააკეთა და რასაც სავარაუდოდ არ ელოდა, მან გააერთიანა მთელი ევროპა“, – განაცხადა ვენდი შერმანმა.