რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – „ნატო-ს ისტორია დაკავშირებულია ომებთან და ინტერვენციებთან, ხოლო რუსეთი ომებს აჩერებდა”

ნატო-ს ისტორია დაკავშირებულია ომებთან და ინტერვენციებთან, ხოლო რუსეთი ომებს აჩერებდა, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

აღნიშნული სხდომა 2019 წელის შემდეგ პირველად გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის წინადადებები, რომლებიც მოიცავს მოთხოვნას, რომ ნატო აღარ გაფართოვდეს.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორები დღე თავს გვაჩვენებდნენ, თითქოსდა ძალიან ნაწყენები არიან, რომ რუსეთის ფედერაციას ეჭვი ეპარება ნატო-ს მშვიდობიან დანიშნულებაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნატო მშვიდობისმოყვარეა, ხოლო რუსეთის ისტორია არის დაკავშირებული ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონფლიქტების გაღვივებასთან. ამ საუბრებს სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. რეალურად კი ნატო-ს ისტორიას თუ გადავხედავთ, მეხუთე მუხლი მხოლოდ ერთხელ იყო გამოყენებული, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, როდესაც ნატო-მ გააგზავნა რამდენიმე სადაზვერვო თვითმფრინავი აშშ-ის საჰაერო სივრცის პატრულირების მიზნით. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დროს ალიანსის არაწევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი დახმარება და თანაგრძნობა გაუწიეს აშშ-ს, რადგან მაშინ გახდა ცხადი, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებას.

ნატო-ს დანარჩენი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაცვითი ალიანსია, დაკავშირებულია ომებთან, ინტერვენციებთან და დატოვა თავისი კვალი. ეს არის გაღატაკებული და დანგრეული ქვეყნები. მილიონობით ლტოლვილი, ეს არის სივრცე, რომელიც დღეს დაკავებულია აქვთ ტერორისტებს და ეს არის რეალობა.

ჩვენ ასევე მივუთითეთ, რომ რუსეთის ისტორია არის რადიკალურად განსხვავებული. რუსეთი ისტორიულად ომებს აჩერებდა. მათ შორის გააჩერა სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღში. ყველა ეს იმის მაგალითია, რომ რუსეთის ჩარევამ ხელი შეუწყო მშვიდობას, სამხედრო სცენარი გადაჰყავდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. თუ ნატო-ს სურს ჩვენთან თანამშრომლობა, მათ უნდა მიიღონ რუსეთის ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როგორც ქვეყნისა, რომელიც ევროატლანტიკურ უზარმაზარ სივრცეში მშვიდობის გარანტიას ქმნის და რომელსაც ამ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, – განაცხადა გრუშკომ.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.