მიხეილ სააკაშვილი: გორის ჰოსპიტალთან ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც განცხადებების კეთების დროს ყეფას იწყებდა – როცა ახალი წელი მომილოცეს და მე გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, სადაც მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე განიხილება, გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ჰოსპიტალის შენობასთან მცხოვრები ძაღლები გაიხსენა. ექსპრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი ძაღლი მისგან გასული მნახველებისა და მისი ხმის „ჩახშობას“ ცდილობდა.

„მე არ ვიცი, რამ გამახსენა, მაგრამ, რატომღაც გამახსენდა, არავის არ ვგულისხმობ, გორის ჰოსპიტალთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რამდენი ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაც გავიდოდა და განცხადებას აკეთებდა, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც ყოველთვის შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი განცხადებას იწყებდნენ, ის ყეფას იწყებდა. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ განცხადების გაკეთების საშუალება არ მიეცა. როცა ახალი წელი მომილოცეს და მე გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს თავის ცხოვრებაში. არ მინდა, ვინმემ თავის თავზე მიიღოს, თუ ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად. ის სიმპატიური ცუგა იყო, არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.