გრიგოლ ვაშაძე – რუსეთის ორი დოკუმენტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ომში გამარჯვებული დამარცხებულს ზავის პირობებზე დათანხმებას სთხოვს, არ მინახავს, კრემლს ამაზე დიდი იდიოტიზმი გაეკეთებინოს

რუსეთის ორი დოკუმენტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ომში გამარჯვებული დამარცხებულს ზავის პირობებზე დათანხმებას სთხოვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისვე თქმით, მას არ ახსოვს რუსეთს ამაზე დიდი სისულელე და იდიოტიზმი გაეკეთებინოს.

„რუსეთის ის ორი დოკუმენტი, რომელიც კრემლმა თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით გაუგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, გეგონება, ომში გამარჯვებული ომში დამარცხებულს სთხოვს, ზავის პირობებს დათანხმდეს. 63 წლის ვარ, ამ პროფესიაში ვარ 45 წელია და არ მინახავს, კრემლს ამაზე დიდი სისულელე და იდიოტიზმი გაეკეთებინოს. ამაზე ღირსეული პასუხი მიიღეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იგი ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.

„ყველაზე ცუდი, რაც გუშინ მოვისმინეთ, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრუშკოს განცხადება, სადაც მან ის კი არ მოითხოვა, რომ ნატო-ში არ მიიღოთ საქართველო და უკრაინა, არამედ აღიარეთ ჩვენი მშვიდობისმყოფელების როლი პოსტსაბჭოთა სივრცეზეო. ამაზეც საკადრის პასუხს მიიღებენ, მაგრამ მოკავშირეებს, რომლებიც გვეხმარებიან და ამბობენ, რომ საქართველოს სუვერენულ ნებას ვერავინ შეზღუდავს, ცოტა ჩვენც უნდა მივეხმაროთ. 2018 წლიდან ვამბობ, რომ იქნება შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ ისევ მოუმზადებელი დავხვდებით. ახლა არის, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ, რადგან იმ მდგომარეობაში, რაშიც არის საქართველოს პოლიტიკური ატმოსფერო, რელიეფი, ყოველგვარ იმედს გვიწურავს იმაზე, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით სარგებლობა შევძლოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.