Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი: ვფიქრობ, პანდემიის მიმდინარე ტალღა ბოლო ტალღა იქნება ამდენი შეზღუდვით

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ პანდემიის მიმდინარე ტალღა ბოლო ტალღა იქნება ამდენი შეზღუდვით.

„ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომ ვირუსი წლების განმავლობაში ცირკულირებას განაგრძობს. ეს არის ვირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეცნიერების მიერ შექმნილი ინსტრუმენტების წყალობით, მიმდინარე ტალღა ბოლო ტალღა იქნება ამდენი შეზღუდვით“, – აღნიშნა ალბერტ ბურლამ ფრანგულ ტელეარხ BFM TV-სთან ინტერვიუში.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის ვაქცინის სამი დოზა და ყოველწლიური რევაქცინაციაა საჭირო.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სამი დოზის მიღება სრული ვაქცინაციისთვის და შემდეგ წელიწადში ერთი დოზა, გარდა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისა, რომელთა ვაქცინაცია ყოველ კვარტალში ერთხელ არის შესაძლებელი“, – აღნიშნა მან.