დავით ზალკალიანი – ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი, არაფერი იცვლება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არანაირი რევიზია, არანაირი გადახედვა პოზიციების

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ში აკრედიტებულ ელჩებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ნატოელი პარტნიორები კვლავინდებურად მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება.

ამასთან, დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი იყო, რომ საქართველოს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს რომელ ალიანსში გაწევრიანდეს.

„ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა ნატო-ში აკრედიტებულ ელჩებთან. იყო ძალიან საგნობრივი, დეტალური საუბარი ნატო-რუსეთის კომისიის საქმიანობის შესახებ. ვისაუბრეთ რეგიონში არსებული სიტუაციაზე და იმ მოლოდინზე, რაც გვაქვს უახლოეს პერიოდში განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალიან პოზიტიურია, რომ კიდევ ერთხელ, გაჟღერდა ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი, არაფერი იცვლება მათ მიდგომებში საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არანაირი რევიზია, არანაირი გადახედვა პოზიციების, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია და რიტორიკა იყო ძალიან მწვავე და ხშირ შემთხვევაში მიუღებელი, რაც მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს თემები, რომელიც იყო წამოწეული იმ ცნობილ ორ დოკუმენტში, არ ექვემდებარება სერიოზულ განხილვას. ჩვენი ნატოელი პარტნიორები კვლავინდებურად მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება, არავის აქვს უფლება, რომ ესა თუ ის რეგიონი განიხილოს საკუთარი გავლენის სფეროდ და რომ ქვეყნის სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსი, ეს არის ის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ასევე არ გადაიხედება და ასევე წარმოადგენს წითელ ხაზს ჩვენი ნატოელი პარტნიორებისთვის. ეს იყო ძირითადი გზავნილები, რომელიც მე მოვისმინე, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგანაც საჭიროა საქართველომაც, ჩვენმა ქვეყანამ იცოდეს ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია, ჩვენ ერთობლივად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ უახლოეს პერსპექტივაში იმისთვის, რომ ის მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით არ დაზარალდეს. არათუ არ დაზარალდეს, არამედ პირიქით, გაძლიერდეს და ეს სიტუაციაც, კრიზისული სიტუაციაც გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და წავიდეთ წინ, რომ საქართველომ მიაღწიოს საბოლოო მიზანს, ნატო-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, ნატო-ში აკრედიტებულ ელჩებთან განხილული თემების მსგავსი იქნება იენს სტოლტენბერგთან საუბრის მთავარი თემაც.

„დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი გზავნილები იქნება ასევე გაჟღერებული გენმდივანთან შეხვედრაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის პერსონალური პოზიციაც, რაც არაერთხელ ყოფილა გაჟღერებული მის საჯარო გამოსვლებში, თუმცა მისი რჩევებიც და რეკომენდაციებიც იქნება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამიტომ, გენმდივანთან შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, აქცენტებს გავაკეთებ ჩვენს სამომავლო პერსპექტივებზე. მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე იგეგმება ნატო-ს მადრიდის სამიტი, ვისაუბრებთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად, კოორდნირებულად, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და ახალი მიდგომებით ვიხელმძღვანელოთ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში დღეს შეხვედრა გამართა ნატო-ში აკრედიტებულ ელჩებთან, დღის ბოლოს კი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა იგეგმება.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password