თებერვლის პირველ დეკადაში პიკში შევალთ, „ომიკრონი“ ასამმაგებს, აოთხმაგებს, ზოგჯერ ახუთმაგებს ინფიცირების რაოდენობას – ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ ასამმაგებს, აოთხმაგებს, ზოგჯერ ახუთმაგებს ინფიცირების რაოდენობას. პიკზე უნდა გვქონდეს 10-15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჰოსპიტალში 4300 პაციენტი მკურნალობს, არ შეიმჩნევა მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდა.

„ნამდვილად არავის გვინდა, რომ მძიმე შედეგი მივიღოთ. „ომიკრონი“ ასამმაგებს, აოთხმაგებს, ზოგჯერ ახუთმაგებს ინფიცირების რაოდენობას. გლობალურად ასამმაგებს და აოთხმაგებს. თუმცა, არ გაზრდილა ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილი. შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის. თუ წინა შტამების დროს 2.1% გვქონდა, ზოგ ქვეყანაში 3 და 4 %, დღეს მსოფლიოში 1.8%-ზეა ჩამოსული. საქართველოში დღეს, 1.45%-ზე ჩამოიწია სიკვდილობის მაჩვენებელმა. რას ველოდებით?! ველოდებით, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება. პროგნოზირების ძირითადი ინსტიტუტების მონაცემებით, რასაც ვეყრდნობით, გვეუბნებიან, რომ პიკში იანვრის ბოლო და თებერვლის პირველ დეკადაში შევალთ. აიტაცეს ჩემი ნათქვამი 60 ათას შემთხვევაზე. მე ის კი არ ვთქვი, რომ 60 ათასი გამოვლენილი შემთხვევა გვექნება. გთხოვთ, კარგად დაუკვირდით, რასაც ვსაუბრობ. ჩვენ, დღეს, 7 ათასი ინფიცირების შემთხვევა რომ გვაქვს გამოვლენილი, შეფასებითი მაჩვენებლით, ალბათ ორჯერ მეტია ინფიცირებული, რომელთაც სურდო აქვთ, ხველა და არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. არ მიდიან ტესტირებაზე. ვანგარიშობთ, რომ პიკზე უნდა გვქონდეს 10-15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა. ჰოსპიტალში 4300 პაციენტია. არ შეიმჩნევა მძიმე პაციენტების ზრდა. ოდნავ ქვემოთ არის წამოსული რეანიმაციულ, ხელოვნურ ვენტიალაციაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა”,- განაცხადა ამირან გამყრელიძე.