კელი დეგნანი – დავით ზალკალიანის ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის

დავით ზალკალიანის ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კელი დეგნანის თქმით, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მჭიდრო კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან, ისევე, როგორც უკრაინასთან და საქართველოსთან, რათა უპასუხონ ევროპული არქიტექტურის არსებულ საფრთხეს.

„ევროპული არქიტექტურის მშენებლობისთვის ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციასა და კომუნიკაციას. საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის მოფიქრებისთვის.

გასულ კვირაში ჩვენ ვნახეთ სერიოზული შეხვედრები ჟენევაში, ბრიუსელში და ვენაში, სადაც რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, აეხსნა მისი შეშფოთებები. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპის ზღურბლზე. სწორედ რუსეთია, რომელმაც მიიყვანა ჯარები მეზობელი სუვერენული ქვეყნების საზღვრებთან; რუსეთია, რომელსაც აქვს ოკუპირებული სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში; რუსეთია, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ცდილობს, დარტყმა მიაყენოს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც სარგებელს ყველა ქვეყანა იღებს. ჩვენ ღია ვართ შეხვედრისთვის და მოსმენისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა 25 წლის წინ, რომ რუსეთსა და ნატო-ს გამოეხატათ წუხილები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ძირითადი პრინციპებით, რომლის შესახებაც არაერთხელ ვისაუბრეთ. პირველი არის, რომ რუსეთს არ აქვს ვეტო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს წევრობას წყვეტენ 30 მოკავშირე და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება. ძალიან კარგად იცით, მაღალი სამხედრო და პოლიტიკური სტანდარტები უნდა იყოს მიღწეული ნატო-ში გასაწევრიანებლად.

საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების და ეკონომიკური პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ძლიერად იცავს ევროპა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

და ბოლოს, აშშ-მა ძალიან ცხადად თქვა, რომ ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპასთან დაკავშირებით, ევროპის გარეშე; არ მოვილაპარაკებთ ნატო-სთან დაკავშირებით, ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეების გარეშე; არ მოვილაპარაკებთ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის და საქართველოს გარეშე; შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც უკრაინის მთავრობასთან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.