გიგი უგულავა – თეა წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ასეთი ველური ფორმით გვახსენებს თავს – თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღო, ცალ-ცალკე ყველას მოერევა, მაგრამ ერთად ვერ!

წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ველური ფორმით გვახსენებს თავს, ის არის რეპრესიების გამტარებელი – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც იგი აღნიშნავს, წულუკიანის გათავისუფლების პეტიციას ხელს შეგნებულად არ აწერს, რადგან მისი თქმით, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები თავს იტყუებენ და მათ უნდა დაინახონ, რომ თეა წულუკიანი რეპრესიებს ახორციელებს.

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან 35 ადამიანის გაშვება, ეროვნული მუზეუმიდან ხალხის დაფერთხვა – დაწყებულია ეს პროცესი. „ჭოლას“ თემა არ ვიცი, მაგრამ თეა წულუკიანი მოვიდა იქ როგორც ჩვეულებრივი სახალხო კომისარი, მაუზერი აკლია, ის განცხადება გუშინ რომ გამოაცხვეს, რა იყო? კულტურის სამინისტროს ლოგო შეუცვლიათ და ციხის გისოსებს ჰგავს, რა ლოგოა საერთოდ? გისოსებს, საზღვრებს არ უნდა ცნობდეს კულტურა, ამიტომ არის კულტურა, მაგრამ იმთავითვე ცნობილი იყო, რომ წულუკიანი მოვიდოდა და ამას ჩაიდენდა.

სხვათაშორის, გუშინ პეტიცია რომ გავრცელდა, მე იმთავითვე არ ვაწერ ხელს მის გადაყენებას, რადგან ყველა, ვინც თავს იტყუებს, სირაქლემას პოზაშია, რა ვქნა, კულტურაში ვარ, სპორტში ვარ და არაფერი მეხება, მათ ეს უნდა დაინახონ, რადგან წულუკიანი არის რეალური სახე, ერთ-ერთი სახე ამ ხელისუფლების, წულუკიანი არის ჩვენში დაბუდებული საბჭოთა სიმახინჯე, რომელიც ასეთი ველური ფორმით გვახსენებს თავს, ის არის რეპრესიების გამტარებელი და გაატარებს რეპრესიებს.

აბა, 3-4-მა ამ სფეროში ამოიღოს ხმა, მაგრამ „სანამ მე არ შემეხებიან, ხმას არ ვიღებ“ – ასე არაა სწორი. ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, ვისაც თანამდებობა აქვთ, სწორედ იმ თანამდებობას დაკარგავენ. თუ არ მოგვწონს, ხმა უნდა ამოვიღოთ, ცალ-ცალკე წულუკიანი ყველას მოერევა, მაგრამ ერთად ვერა, თუნდაც, 4-5-მა ადამიანმა რომ ამოიღოს ხმა. ასეა დამიჯერეთ, კარგად ვიცნობ ამ სფეროს.

ასე რომ, მათ ხელშია, უნდათ რეპრესიები? – მიიღებენ რეპრესიებს, არ უნდათ? – ბევრი ბრძოლა არ დასჭირდებათ, რადგან 5-მა კაცმა შეიძლება ამოაყირაოს წულუკიანი თავისი გისოსებიანი ლოგოთი,“ – განაცხადა უგულავამ.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ამ პოსტიდან გადაყენებას მოქალაქეების ნაწილი საქართველოს მთავრობას ონლაინ პეტიციით სთხოვენ. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა. პეტიცია 17 იანვარს შეიქმნა.