ირაკლი ლექვინაძე: მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უმოკლეს ვადებში დაიწყება

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უმოკლეს ვადებში მოხდება. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღევანდელ მთავარ პრობლემას ჩვენ ვხედავთ სისტემური საკითხების არათანმიმდევრულ კონტროლში და ეფექტურ აღსრულებაში. კერძოდ, დღეს საქართველოში არ მუშაობს რეცეპტის და დანიშნულების სისტემა. გვყავს ძირითადი კომპანიები, რომელთა მარჟები არის 7-25 პროცენტი, მაგრამ მცირე ოდენობით არიან არაკეთილსინდისიერი კოპანიებიც, რომელთა მარჟები 200-300 პროცენტია. ამის მიზეზია, რომ მათ აქვთ გარანტირებული გაყიდვები. ისინი გარიგებაში არიან რეცეპტის, დანიშნულების გამომწერებთან და ის კონკრეტულად ამ მედიკამენტებზე აკეთებს მითითებას.

შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს. არის პირველი რიგის ნაბიჯები, რომლებიც სასწრაფოა და მალე უნდა გადაიდგას. ასეთი 11-ია და გვაქვს შემდგომი ეტაპის ორი რეკომენდაცია. ამ ეტაპზე ამ რეკომენდაციებზე სამუშაოდ ხდება სამუშაო ჯგუფის ფორმირება. დავალება გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ამ საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.