კარლ ჰარცელი – ციხეში მყოფი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გავრცელება კითხვებს აჩენს და ვიმედოვნებთ, ეს აღარ განმეორდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყურადღებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.

კარლ ჰარცელმა სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერების გავრცელების შესახებ აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედებები კითხვებს აჩენს.

„მე ცხადია, ვერ ვისაუბრებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება თავად საკითხებს, რომელიც უკავშირდება ციხეში მყოფი ბატონი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გავრცელებას, ჩვენი მოსაზრებები მაშინვე გამოვთქვით. ამ ფაქტის საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების ასპექტით დანახვის პოზიციიდან გამომდინარე, ასეთი მოქმედებები კითხვებს აჩენს და ვიმედოვნებთ, ეს აღარ განმეორდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ამ პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.