ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ იარსებებს საერთო წესები, რომლებსაც ყველა დაეყრდნობა – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპაში უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, თუ არ იარსებებს საერთო წესები, რომლებსაც ყველა დაეყრდნობა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოსკოვში, რუს კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ყველა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არა, დავიცვათ ეს წესები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გერმანიას ამისთვის დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწიოს. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია ერთ-ერთია ამ წესებს შორის. ყველა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში უნდა ვახსენოთ როგორც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმე, ისე ცენტრ „მემორიალის“ გაუქმების საკითხი.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ასი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მობილიზებულია უკრაინის სიახლოვეს და ეს ხდება კონკრეტული მიზეზის გარეშე. ძალიან რთულია ეს საფრთხედ არ შეაფასო. ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ რა შეიძლება, მოიმოქმედოს ევროკავშირმა, დიდმა შვიდეულმა და ნატო-მ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ძალის გამოყენების მუქარას სისრულეში მოიყვანს.

რუსეთმა მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მზად ვართ სერიოზული დიალოგისთვის იმ ნაბიჯების გარშემო, რომლებიც განამტკიცებენ ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. ეს დიალოგი უკვე დაწყებულია. ეუთო-სა და ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.