სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

კერძოდ, ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, თითოეულს 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს – გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.