პროკურორი – მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს

ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა, – ლევან ვეფხვაძემ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას.

როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება არის ის, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო.

„გარდა ამისა, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, აქედან გამომდინარე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარეც დაეთანხმა და მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება უზრუნველყოფს მათ სათანადო ქცევას და მოსამართლემ შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. მოწმეების, წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა აღარ მოხდება, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავო გახადა ყველა მტკიცებულება“ – განაცხადა პროკურორმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები: გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და მათ 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.